Литмир - Электронная Библиотека
Содержание  
A
A

“მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი;

ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი;

ვთქვი, თუ: «ვუთხრა, გამამჟღავნებს, დარბაზს მივა ისი ფლიდი».

ესე მეყო საგონებლად, შევიდი, თუ გამოვიდი.

“ვთქვი, თუ: «არ ვუთხრა, რა ვუყო, ჩემგან რა მოეგვარების?

არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების;

ქმარი რა მიგრძნობს, მო-ცა-მკლავს, ვეღარა მომეფარების;

ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების?!

“მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა!

მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა;

არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა,

სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა.

“მივე მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე,

მერმე ვუთხარ: «გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე,

არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე».

ფიცი ფიცა საშინელი: «თავიცაო კლდეთა ვიცე!

«რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის ვუთხრა სულიერსა,

არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა».

მერე ვუთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა:

«მოდი, მომყევ აქა სადმე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა».

”ადგა, ამყვა და წავედით, შევვლენით კარნი სრისანი.

უსენ გაკვირდა, გა-ცა-კრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი;

თქვა: «რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი?!

თუ ხორციელი არისმცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!»

“ვთქვი, თუ: «არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა,

რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა;

მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა,

ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ქმნას დიდი ლმობიერობა».

“მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა;

ვჰკადრეთ, თუ: «მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა,

გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა?

რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მსგავსი ლალისა?»

“რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა:

ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა;

გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შე-რე-შენდა,

მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა!

“ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა:

ვეფხი-ავაზა პირ-ქუშად ზის, წყრომა ვერ ვუგრძენითა.

კვლაცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა,

«არა ვიციო, მიმიშვით!», ეს ოდენ გვითხრა ენითა.

“დავსხედით და მას თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ,

რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ!

ძლივ ვეაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ,

ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.

“უსენ იტყვის: «ბევრ-ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს;

ესე ღაწვნი მზისად კმარან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს!

უმართლეა, ვერ-მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს,

მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიხოცნეს!»

“მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით.

შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით.

ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით,

გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.

“რა გამოხდა ხანი რამე, გამოვიდეს ღამე-დღენი,

უსენ მითხრა: «არ მინახავს ძოღანითგან მეფე ჩვენი.

მივაზირებ, წავალ, ვნახავ, ვუდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი».

მოვახსენე: «დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!»

“უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და ლალები.

დავვედრე: «დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები;

ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები».

კვლა შემომფიცა: «არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხრმალები!»

“უსენ მივიდა, ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი, -

უსენ არიფი მეფისა, მეფეცა მისი მნდომელი, -

წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი.

აწ ნახეთ მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსწრომელი.

“რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი,

კვლა შესვეს და კვლა აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი.

დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი!

მართლად თქმულა: «არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი».

“უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთრვალსა:

«დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა,

მარგალიტსა დიდროანსა, უსახოსა ჰპოვებ ლალსა?

ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა».

“თაყვანის-სცა უსენ, ჰკადრა: «ჰე მაღალო ხელმწიფეო,

ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენელო არსთა, მზეო!

რაცა სხვა მაქვს, ვისი არის ოქრო, თუნდა საჭურჭლეო?

დედის მუცლით რა გამომყვა? მბოძებია თქვენგან მეო.

«ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა;

სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა;

მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ჰნახოთ მსგავსი მზისა,

მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა».

“რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა,

უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა.

მეფესა მეტად ეამა, მიეცა ლხინი გულისა,

უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ-ქმნა უსენის თქმულისა.

“მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია.

შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია,

თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია,

მოვიდეს; დია გავკვირდი, ვთქვი: «რამე საქმე ზესია».

“მისალამეს, «ფატმან, - მითხრეს, - ბრძანებაა ღმრთისა სწორთა:

დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მსგავსი მზეთა ორთა,

აწ მომგვარე, წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა».

ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.

“მე გაკვირვებით კვლა ვჰკითხე: «რა ქალი გინდა, რომელი?»

მათ მითხრეს: «უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი».

არას მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი,

ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.

“შევე, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ-დასხმულად,

ვჰკადრე: «მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ჰხედავ, რულად!

ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე, იავარ-მყო, ამფხვრა სრულად,

შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ-მოკლულად».

“მან მითხრა: «დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია!

ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია.

კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!

სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არ-ახალია, ძველია».

“თვალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი,

ადგა ასე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი,

ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი.

მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

“შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა,

თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა,

თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა,

მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის კვდებოდა.

“ვარქვი: «ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესეგვარი».

მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი, მზისა დარი.

ცნა მეფემან, მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი;

იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

“ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები,

ვერ იჭირვიდეს სარანგნი, მუნ იყო არ-სიწყნარები;

იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები,

გაკრთომით უთხრა: «ჰე მზეო, აქა ვით მოიგვარები?»

“ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად;

მეფემან ბრძანა: «გამხადა ნახული მე უნახველად,

ღმრთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად!

ჰმართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს, ახ, ველად!»

“გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა:

«მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა?»

38
{"b":"715418","o":1}