შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი ჰრთულა ამას ნება,
შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება,
ღმერთმან ქმნას და დაგირჩინო ცუდად შენი ხელოვნება!
«გახსოვს, ოდეს «ჰაის» ჰზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს,
მკურნალნი და დასტაქარნი წამალსა-ყე მოგიტანდეს?
მამაცისა სიცრუესა, ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს!
რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!
«ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა,
ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოდ ვლიდენ, თუნდა გზეთსა!
ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარხარ მოსაცეთსა,
აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!
“ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო!
თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო!
სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!»
ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქნა, აჰ-ყო.
თქვა: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად,
კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად.
აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად?
ვა, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?!
“შევჰხედენ, ვნახე სასთუმალს მუსაფი გაშლით მდებარე,
ავიღე, ავდეგ, მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე,
ვჰკადრე, თუ: «მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე,
რათგან არ მომკალ, პასუხი ერთიღა გკადრო მე ბარე.
«რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია,
ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია!
თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქმნია».
მან მიბრძანა: «რაცა იცი, თქვიო!», თავი დამიქნია.
“კვლაცა ვჰკადრე: «მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს,
ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს!
ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს?!
მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს!
«მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა.
მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა.
დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა;
თავსა ვუთხარ: «მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა».
«მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა?
არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?!
ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა,
ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?
«ვთქვი: «ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო»;
თავსა ვუთხარ: «ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო!»
მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო,
ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!»
“სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა;
იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა;
ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა.
მიბრძანა, თუ: «ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!
«არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა,
უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა;
იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა!
მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა».
“მოლმობიერდა, მომიტკბა გამწყრალი, გარისხებული,
ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული;
ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ-ღირსებული;
მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი ამითა გზებული.
“მიბრძანა, თუ: «გონიერი, ხამს აროდეს არ აჩქარდეს,
რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს;
თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს,
შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!.
«კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ,
ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ,
მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ,
ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ».
“მე ვჰკადრე: «ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა!
რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა,
ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა:
ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარა, არ, სახმარობა!»
“მიბრძანა, თუ: «ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად,
დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად:
რა მოვიდეს სიძე, მოკალ, მისთა სპათა აუწყვედლად.
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
«ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო,
მიპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო,
მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა, ვითა ვირთაო, -
სისხლი კაცისა უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო?
«იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა, ჩემსა მამასა,
ჰკადრე, თუ: «სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა,
ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა,
არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!»
«ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნუცა ნდომა,
ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა;
ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა,
ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა».
“ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა,
ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა;
მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა,
მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შემოჭდომა, შემოხვევა.
“ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი.
ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი.
ჭირი ბევრჯერ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი,
მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი”.
ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
“მოვიდა კაცი: «სასიძო მოვაო», მოსლვა გვახარა,
მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა;
მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა,
მიბრძანა, ახლოს მიმისვა, «მოდიო», თავი დახარა.
“მიბრძანა: «ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია.
გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა, სრულია;
კაცი გავგზავნოთ, მოიღონ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია,
უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია».
“მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი;
სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი;
შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი;
მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.
“მეფემან ბრძანა: «მოკაზმეთ კარვითა მოედანია,
გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია;
მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია,
შენ აქა ნახენ, კმარიან იქა ნახვისად ყმანია».
“მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა.
მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა,
შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა,
დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.
“მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა;
შინა წამოვე მაშვრალი, ქმნა მომნდომოდა ძილისა;
მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა:
«ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა».
“ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლად, დავჰმორჩილდი;
ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: «ცრემლსა რასა ჰმილდი?»
მითხრა: «შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი?
გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?!»
“შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე;
მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე,
წავდეგ, მიბრძანა: «რასა სდგა? დღე გიჩანს წინ საომარე!
ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე?!»
“მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი.
უკუვჰყივლე: «აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი!
ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!»