Литмир - Электронная Библиотека
Содержание  
A
A

«თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო,

ამას იქით ნუღარა სტირ, ჭირსა თავი არიდენო;

შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო;

რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.

«იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს,

რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს;

ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს,

ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს»“.

ტარიელის ტირილი და დაბნედა

აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების;

თქვა: “მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!”

იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების,

პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.

ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა,

ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა;

ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა,

კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

ავთანდილცა სულთქნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა;

ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა;

მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა;

თქვა: “ცოცხალ ვარ, საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!”

ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად.

ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად.

დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად,

დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა,

გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა;

ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა,

მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!

“ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა.

წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა.

მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა,

იგი უცხო და ღარიბი, მტკიცისა რასმე შავისა”.

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად

“მივუწერე: «მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი,

გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი;

ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე-სიტურფენი,

სულთა ნაცვლად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი?!

«მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე,

აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე;

სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე,

რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!

«განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე;

ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვპოვე;

დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე;

სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!»

“ქალი ადგა, გამეყარა. დავწევ, ამოდ დამეძინა,

მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა;

გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა,

ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა”.

რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა

“დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა;

ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა;

ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა,

რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.

“მიბრძანეს, თუ: «ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, და-ცა-გვლია;

ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია;

ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია,

ყმისა არ-სმა არად გვაგვა, ამათ ზედან წაგვითვლია.

«აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ,

რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ,

სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ,

არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ».

“ვთქვი: «თქვენი ძისა არა-სმა გულსა ვით მიეფარების,

მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების;

ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების,

სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, მაგას რა მოეგვარების».

“დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია;

ვთქვი: «ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ-საქმნელია!»

მეფემან ბრძანა: “ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია,

თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრივ არ-რომელია».

“რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა;

ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა.

ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა,

ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.

“დედოფალმან თქვა: «ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი,

მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი?»

შეცილებამცა ვით ვჰკადრე, რათგან თვით იყო მნდომელი!

მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.

“გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი;

შესთვალეს: «გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი;

არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი,

თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი».

“კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა,

გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა;

ებრძანა: «მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა!

თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!»

“კვლა გაგზავნნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად,

დაჰვედრეს, თუ: «ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად».

მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად,

გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად”.

ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა

“მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად.

ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად,

წიგნი მომართვა, ეწერა: «ვინ სჩან ალვისა ტანისად,

ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად».

“შევჯე, წავე, ბაღჩას მივე. ვითა სცნობდე ლხინთა ზომით!

ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით;

ვნახე, ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით,

დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.

“იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა.

ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა.

ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა,

ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.

“ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა,

შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა.

შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა,

გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა.

“იყო არ-ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი;

ებურა მოშლით პირ-ოქრო რიდე, მე მივეც რომელი;

მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი,

ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.

“ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,

არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული;

ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული;

მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.

“მიბრძანა: «მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა,

გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?!

მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი, ცისა!»

ვჰკადრე: «რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?»

“ვთქვი: «პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა:

რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?»

კვლაცა მითხრა: «რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა?

დიაცურად რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა!

«შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!

17
{"b":"715418","o":1}