Литмир - Электронная Библиотека
Содержание  
A
A

სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია:

«არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია,

ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენზედა რა პატრონია?»

“მოეწერა: «რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა.

გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა!

რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?

ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენ მიერსა».

“ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია.

იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია,

შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია,

ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

“ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა;

აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა,

სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა,

ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.

“ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა,

დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა,

თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა:

«მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა!»

“შინა მივე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა,

თვალთათ, ვითა საგუბარით, ცხელი ცრემლი გარდმომჩქეფდა.

«ბედი ჩემი უბედური, - ვთქვი, თუ, - ჯერთცა ვერ გამეფდა!

ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?»“

ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა

“მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა;

ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა,

ეწერა: «გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა,

მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა».

“ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო!

შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო;

სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო,

სიცილით მითხრა: «წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო».

“შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა;

გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა,

ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა,

საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

“შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად,

გულსა ბნელი განმინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად.

მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად,

ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამის ჭვრეტად.

“უბრძანა, თუ: «მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!»

მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა.

დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა;

მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!

“მიბრძანა: «ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა,

მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა:

დაგრჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა,

მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

«თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,

მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა:

მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;

ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

«ერთმანერთისა, მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა,

აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა;

ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა.

გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

«წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე;

ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე!

მაგრა რა ვქმნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე?

გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!»

“მოვახსენე: «არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად,

მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად,

შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე მზეებრ სანახველად,

აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად”.

«აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირს ა;

მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა;

შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა,

შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა».

«ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰვფიცე და შემომფიცა,

მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა:

«უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა,

ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთი-ცა».

“დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით,

ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით,

მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით.

მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით”.

“მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ-ბადახშ-მინისა.

მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა;

ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა,

აწ მიკვირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!”

ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი

“დილასა შევჯე, ვუბრძანე: «ჰკარით ბუკსა და ნობასა!»

სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა.

ლომმან მივჰმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა,

უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

“დავაგდე მზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია;

რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთის ხანია,

მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია:

«ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდონო, თქვენი თხანია».

“მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი,

მითხრეს: «გკადრებს, - ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი,

ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი,

მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

«რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია;

თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდე, აქა ნუ მოვლენ სპანია;

ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდენ ცანია;

ჩვენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია».

“გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით;

მითხრეს, თუ: «ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ, გლახ, ენით:

არიან მეტად მუხთალნი, - ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, -

არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!”

«ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა,

ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა;

გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა,

არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა».

“მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები;

შევსთვალე: «რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები;

სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები;

ლაშქართა დავჰყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები».

“მათ ლაშქართაგან სამასნი კარგი მოყმენი, ქველანი

თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე, დავყარენ სპანი ყველანი,

დავჰვედრე: «სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი,

ახლოს მომდევდით, მიშველდით, გიხმობ, თუ მინდენ შველანი».

“სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა.

კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა,

ებრძანა: «მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა,

რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღვნობა ამისთანისა».

“კვლაცა ეთქვა: «მართალია ეზომ ჩემი მონახსენი,

მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი».

მოვახსენე: «დია, ღმერთო, ბრძანება ვქმნა მეცა თქვენი,

ტკბილად ვნახნეთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი».

“მუნით წასრული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა;

კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა;

წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა:

«შენსა ნახვასა მეფენი, - თქვეს, - მართლად ინატრიდესა».

“მითხრეს: «მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები,

სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები».

14
{"b":"715418","o":1}