Литмир - Электронная Библиотека
Содержание  
A
A

რას ვაქმნევ თქვენსა? რად მინდა? ოდენ ვარ თქვენი მხლებელი;

სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი.

“აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი,

რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი,

ერთსა ვიაჯი, მააჯეთ სააჯო არ-საკრძალავი:

საქმე რამე მიც თქვენშიგა თავისა დასამალავი.

“ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა,

«თვით თავადია ჩვენი», თქვით, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა.

მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა;

თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!”

ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია;

მოვიდეს და თაყვანის-სცეს, ჰკადრეს: “ჩვენი იმედია,

რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯდია,

მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია”.

მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან,

მიჰხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან;

შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან,

მას მარგალიტსა მას ყმასა, კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა

ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა.

ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა,

გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა მეტად ბევრითა.

მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევ, რითა!

მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა;

ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დაჯდა სკამითა;

მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა;

იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.

მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა,

მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა,

ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა-მცთომელსა:

“ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?

“წვრილად მითხარ ყველაკაი, - ყმა მას კაცსა ეუბნების, -

რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?”

ჰკადრა: “ვხედავ პირსა თქვენსა, მზისა პირად მემეცნების;

რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.

“ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა,

თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა;

აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა;

მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.

“აქა მოსლვითა გაყმდების, კაციმცა იყოს ბერები:

სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არნ სიმღერები,

ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები;

ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ ა მტერები.

“დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამის მეტსა ვერ ჰპოვებენ:

იყიდიან, გაყიდიან, მოიგებენ, წააგებენ;

გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ;

უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

“მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა;

ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა:

თვით ესე ბაღი მისია, სადგომი თქვენი დღესისა;

პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

“რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან,

უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან,

უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან;

მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაყიდიან.

“თქვენებრთა საბატიოთა მათ ჰმართებს გამოსვენება;

დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება.

აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება!

გამოგება და წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება.

“ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი,

პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი;

მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი;

წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი”.

ავთანდილ უთხრა: “წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან”.

მებაღე მირბის, იხარებს, ოფლნი მკერდამდის ჩასდიან.

ხათუნსა უთხრა ამბავი: “მე ესე დამიქადიან,

ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.

“ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა,

საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა;

ჰშვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა.

მიმიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.

ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი,

მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი;

შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბადახში, მინა-სათი;

მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა - თათი.

ზარი გახდა, შემოაკრფეს ქალაქისა ერნი სრულად,

იქით-აქათ იჯრებოდეს: “ვუჭვრიტოთო ამას რულად!”

ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად;

მათთა ცოლთა მოიძულვნეს ქმარნი, დარჩეს გაბასრულად.

ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა,

მხიარულად უსალამა, სიხარული დაიჩინა;

ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა;

ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შე- ვით -ვატყევ, არ ეწყინა.

ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი

ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი,

მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის-მსმელი;

დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.

მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა.

ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს, თუ: “ვარგა”.

ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა;

სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ, გა.

დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა,

ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა,

ვაჭართა უთხრა: “წაიღეთ, - აჰკიდა, გააწევინა, -

თქვენ ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ, მე ვინა”.

ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა.

ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა;

ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა-მქისსა;

ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა.

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება

სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის:

გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის,

მართ ანაზდად გიღალატებს, - გაჰკვეთს, რასცა დაესობის, -

მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.

ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა,

სიყვარული მეტის-მეტი მოემატა ცეცხლებრ სწვიდა.

დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა,

იტყვის: “რა ვქმნა, რა მერგების!”, აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა.

“მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს!

თუ არ ვუთხრა, რაგვარ გავძლო! ცეცხლი უფრო გამიხშირდეს.

ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს;

მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს?!”

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო

დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი,

მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი,

მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარხეველი,

უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი:

ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად,

მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად,

ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად,

მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩნს, დასაქადებლად.

“შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან,

ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან!

შენი შვენება ყვავილთა აჭნობს და ჩემნიც ჭნებიან,

სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.

“ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა,

მაგრა რა ვირგო დღე-კრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა,

35
{"b":"715418","o":1}